2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

შიდსის პროგრამის დეტალური ანოტაცია

პროგრამის ამოცანებია:  

1. ქვეყანაში მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში (ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები (ნიმ), კომერციული სექს მუშაკები, ჰომოსექსუალური კავშირების მქონე მამაკაცები, პატიმრები) აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია თემზე ორიენტიებული პრევენციული მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების და აივ-ზე ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირების განხორციელებით;

აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს:

ა) ნიმ-ების მოცვას ზიანის შემცირების პროგრამის პაკეტით, რომელშიც შედის: 

  • ნარკოტიკული საშუალებების ინტრავენური გზით მოხმარების ზიანის შემცირების კონსულტირება;
  • შპრიცებისა და ნემსების დარიგება;
  • კონდომების დარიგება;
  • საინფორმაციო მასალების დარიგება.

 და აივ-ზე, ვირუსულ ჰეპატიტ B და C-სა და სიფილისზე ნებაყოფლობითი ტესტირება და კონსულტირება;

მომსახურება მოიცავს ასევე შემთვევების მართვას სოციალური მუშაკების მიერ, მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების უფასო კონსულტირებას, ტუბერკულოზზე სკრინინგს.

მომსახურებას ახორციელებს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ქვეყნის 11 ქალაქში 14 სერვის-ცენტრის ბაზაზე.

დაგეგმილია 4 მობილური ამბულატორიის შესყიდვა მომსახურების მიწოდების არეალის გაფართოების მიზნით.

ბ) კსმ ქალებისა და მსმ-ების მოცვას პრევენციული პაკეტით და ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით აივ-ზე, სიფილისზე და სხვა სგგდ დაავადებებზე.

პრევენციული პაკეტი მოიცავს: 

  • კონსულტირებას;
  • კონდომისა და ლუბრიკანტის დარიგებას;
  • საინფორმაციო მასალების დარიგებას. 

მომსახურება ასევე ითვალისწინებს სგგდ უფასო ლაბორატორიულ და ამბულატორიულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ტუბერკულოზზე სკრინინგს.

პარალელურად, რიგი ცენტრები მუშაობენ ნიმ-ების სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით სხვადასხვა  ხელსაქმისა და ხელობის სწავლების გზით.

გ) პატიმრების მოცვას აივ პრევენციული პაკეტით და აივ ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით; ასევე, პატიმარი მსმ-ების მომზადებას თანასწორ განმანათლებლებად.

დ) ნიმ-ებში აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამის განხორციელებით როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე პენიტენციალურ სისტემაში;

პროგრამა გულისხმობს ნიმ-ების ჩართვას მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში. სამოქალაქო სექტორში გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში პროგრამა ხორციელდება თბილისში 2 ცენტრში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის და ურანტის ბაზაზე, იგეგმება ახალი ცენტრის გახსნა გლდანში. ცენტრები ფუნქციონირებს ასევე გორში და ბათუმში. პროგრამა ერთდროულად ემსახურება 500 პაციენტს, 2015 წლის ბოლოსთვის მოემსახურება 650-მდე პაციენტს.

პენიტენციალურ სისტემაში ჯერ-ჯერობით  მეთადობით ჩანაცვლებითი დეტოქსიკაციის ორი ცენტრი მუშაობს თბილისში (სად N8) და ქუთაისში (სად N2).

გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ნიმ-ების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის  3 ცენტრი .თბილისში შემდეგი დაწესებულებების ბაზებზე: შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრიდა ააიპ "კამარა". ცენტრები ერთდროულად ემსახურება 30-მდე ნიმ-ს.

აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის, მათ შორის ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით, მოვლისა და მხარდაჭერის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა არვ მკურნალობის სფეროში. ქვეყნის მიღწევები სამაგალითოა როგორც დანერგილი მკურნალობის პროტოკოლების, ისე პაციენტების მოცვის თვალსაზრისით. მკურნალობა ხორციელდება თბილისში სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ბაზაზე და რეგიონებში: ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ადგილობრივი ინფექციური საავადმყოფოების ბაზებზე.

პაციენტების არვ თერაპიის კურსზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით თითოეული ცენტრის ბაზაზე მუშაობს მობილური ბრიგადები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე ემსახურებიან შიდსით დაავადებულ პაციენტებს.

ასევე, ფუნქციონირებს შიდსით დაავადებულთა ბინაზე პალიატიური მოვლის პროგრამაც. 

კოინფექციის მქონე აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობა თავისი ლაბორატორიული და კლინიკური მონიტორინგით. პროგრამის ფარგლებში წელიწადში 100-მდე პაციენტის ღებულობს აღნიშნულ მკურნალობას.

ფუნქციონირებს შიდსით დაავადებულთა თვითდახმარების ცენტრები თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც აივ ინფიცირებული პირები და მათი ოჯახის წევრები ღებულობენ უფასო კონსულტაციებს სამედიცინო, სოცალურ და იურიდიულ საკითხებზე. ეწყობა გასვლითი შეხვედრები, ექსკურსიები, საზაფხულო ბანაკები აივ ინფიცირებულთა სოციალური რეინტეგრაციის მიზნით. პროგრამის აღნიშნულ ღონისძიებებს ანხორციელებს შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი.

 ასევე, პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისა და ეპიდემიის გავრცელების მონიტორინგის მიზნით მიზნობრივ პოპულაციებში (ნიმ-ები, კომერციული სექსის მუშაკი ქალები, ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქომე მამაკაცები, პატიმრები) ტარდება ქცევებისა და ბიომარკერების პრევალენტობის შეფასების, აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შეფასების კვლევები

ჩვენი პარტნიორები