2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

გლობალური ფონდი საქართველოში

2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ ათასწლეულის მიზნების დეკლარაციაში სხვა მიზნებთან ერთად პირველად მსოფლიო საზოგადეობამ მიზნად დაისახა აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და სხვა მაღალი სიკვდილობის გამომწვევი ინფექციური დაავადებების დამარცხება.

ამ მიზნის განხორციელებისთვის და მსოფლიო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით 2002 წელს შეიქმნა შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდის კონცეფცია მარტივი იყო. ქვეყნებმა უკვე იცოდნენ თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი ამ დაავადებებთან საბძოლველად, ხოლო ფონდის მიზანი იყო ამისთვის საჭირო თანხების მობილიზება და ქვეყნებისთვის გრანტების სახით გაცემა.

დღესაც, გლობალური ფონდი, როგორც ფინანსური მექანიზმი აფინანსებს პრევენციის, მკურნალობის და მოვლის ეფექტიან პროგრამებს და უზრუნველყოფს, რომ დახმარებამ რეალურად მიაღწიოს შიდსით, ტუბერკულოზითა და მალარიით დაავადებულ ადამიანებამდე.

გლობალური ფონდი ეყრდნობა ნებაყოფლობით შემოწირულობებს  სხვადასხვა  წყაროებიდან - მთავრობებიდან, კერძო სექტორიდან, სოციალური ფონდებიდან, ფილანტროპული ორგანიზაციებიდან და პიროვნებებისგან. ფონდი ყოველწლიურად მობილიზებას უკეთებს და გრანტების სახით გასცემს 4 ბილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის თანხებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაზე. როგორც მთავრობების, სამოქალაქო და კერძო სექტორების წარმომადგენლების და შიდსით, ტუბერკულოზითა და მალარიით დაავადებული პაციენტების თემების პარტნიორობის საფუძველზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ფონდი მიზნად ისახავს ამ სამი დაავადების სრულ აღმოფხვრას მსოფლიოში. 2012 წლისთვის ფონდის დაფინანსების წყალეობით ამ დაავადებებით გამოწვეულმა სიკვდილობამ მსოფლიო მასშტაბით 40%-ით იკლო. თუმცა, მართალია, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის შედეგად მილიონობით აივ ინფიცირებული ადამიანი განაგრძობს სრულფასოვან ცხოვრებას, ყოველმა მეორე აივ ინფიცირებულმა ჯერ კიდევ არ იცის საკუთარი აივ პოზიტიური სტატუსის შესახებ, ხშირია დაავადებების გამოვლენა გვიან სტადიაზე.

ტუბერკულოზი, ერთ დროს დავიწყებული დაავადება, კვლავ იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად, განსაკუთრებით შიდსის ეპიდემიის ფონზე და წარმოადგენს აივ ინფიცირებულთა სიკვდილობის წამყვან მიზეზს. კიდევ უფრო საგანგაშოა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული შტამების სწრაფი გავრცელება.

რეზისტენტობის პრობლემა მნიშვნელოვანია მალარიის შემთხვევაშიც. აქაც ბოლო წლებში აღინიშნება ახალი თაობის მედიკამენტების და ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტობის განვითარება.

ამ სამი დაავადების წინააღდეგ ბრძოლის სფეროში გლობალურმა ფონდმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა, ინოვაციურობა, შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მაღალია ფონდის მიმართ საზოგადოების ნდობაც. ფონდების ბოლო მობილიზების დროს 2013 წელს დონორების მიერ მოწოდებულმა თანხამ შეადგინა 12 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა, მომდევნო პერიოდისთვის (2014-2016წწ) საჭირო იქნება კიდევ დამატებითი თანხების მობილიზება  აღნიშნულ  სამ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის სფეროში ქვეყნების სრულფასოვნად დასახმარებლად .

გლობალურ ფონდს მართავს საერთაშორისო საბჭო. საბჭოს შეკრება ხდება წელიწადში ორჯერ და მისი წევრები არიან დონორების, გრანტის მიმღები მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის (ბიზნესის და ფონდების) და ამ დაავადებებით დაზარალებული თემის წარმომადგენლები. 

გლობალური ფონდის საბჭოს მიერ დასახულ ამოცანებს ცხოვრებაში ატარებს სამდივნო, რომელიც განაგებს გრანტების პორტფოლიოებს, მათ შორის განაცხადების შეფასებას, თანხების გაცემას მიმღებ ქვეყნებზე მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპების საფუძველზე. სამდივნოს ოფისი მდებარეობს ჟენევაში.

გლობალური ფონდის ძირითადი საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), გაეროს შიდსის გაერთიანებული პროგრამა, საზოგადოებრივ-კერძო პარტნიორობა ( სტოპ ტბ, უნიტადი და სხვ) და მსოფლიო ბანკი.

2003 წლიდან დღემდე შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლისთვის საქართველოს გლობალური ფონდიდან მიღებული აქვს 94.9 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა პროგრამებზე შემდეგნაირად ნაწილდება - შიდსი 61%, ტუბერკულოზი 36% და მალარია 3%.

გლობალური ფონდის დაფინანსების წყალობით ქვეყანამ შეძლო დაენერგა ძირითად მოწყვლად პოპულაციებზე გამიზნული შიდსის პრევენციის თანამედროვე ეფექტიანი მიდგომები, გაეძლიერებინა შიდსისა და ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებების ბაზები და უზრუნველეყო პაციენტებისთვის ხარისხიანი მკურნალობის და მოვლის მომსახურების მიწოდება. გლობალური ფონდის დაფინანსებით საქართველომ შეძლო მიეღწია მალარიის სრული ელიმინაციისთვის, გლობალური ფონდის პროექტების ფარგლებში შეძენილი პირველი და მეორე რიგის ანტირეტროვირუსული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების საშუალებით 2300 ზე მეტ შიდსით დაავადებულს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, 5000-ზე მეტ   ახალგამოვლენილ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა ეფექტინი მკურნალობა. 

გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელი ორიენტირებულია სტრატეგიულ ინვესტირებაზე, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალური შედეგების მიღწევას. ის საშუალებას აძლევს განმახორციელებლებს თავად გადაწყვიტონ განაცხადის წარდგენის დრო, უკეთ მოარგონ განაცხადი ეროვნულ სტრატეგიებს და გაითვალისწინონ დაფინანსების მოცულობა, რომელიც მათთვის განსაზღვრულია გლობალური ფონდის მიერ. დაფინანსების ამ მოდელის ფარგლებში ხდება განმახორციელებლების და პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა განაცხადის მომზადებასა და გრანტის განხორციელების პროცესში, რაც გლობალურად უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.  

 

ქვემოთ წარმოდგენილია დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც განსაზღვრავს განაცხადის წარდგენის და დაფინანსების მიღების წესებს: 

  • განაცხადის წარდგენის თავისუფალი განრიგიქვეყნებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი მათთვის გამოყოფილი თანხის სამ წლიანი პერიოდის ნებისმიერ დროს, ისე, რომ გლობალური ფონდის დაფინანსება შეესაბამებოდეს ბიუჯეტის ეროვნულ ციკლს და ქვეყნის სპეციფიურ საჭიროებებს
  • სიმარტივეგრანტზე განაცხადის პროცესი უფრო ფოკუსირებული კონცეფციის დოკუმენტით იწყება
  • მთლიანი პროცესის ვადის შემოკლებაგანაცხადის შეფასება ფონდიდან ხდება ადრეულ ეტაპზე, რაც დროში ამცირებს მისი დამტკიცებისთვის საჭირო ვადებს
  • მაღალი ჩართულობაგანაცხადის დამტკიცებამდე, გლობალური ფონდი უზრუნველყოფს ქვეყნის დონეზე ძირითადი დაინტერესებული მხარეების მაღალ ჩართულობას
  • დაფინანსების მოცულობის გაადვილებული განსაზღვრაყველა ქვეყანა წინასწარ ღებულობს ქვეყნის დაფინანსების მოცულობას გლობალური ფონდიდან. გლობალური ფონდის სამდივნო ახდენს ამ მოცულობის შესაბამისობაში მოყვანას ქვეყნის მიმდინარე დაფინანსების მოცულობებთან და პირობებთან 

 მიმხიდინარე წელს საქართველო წარადგენს ორ განაცხადს დაფინანსების ახალი მოდელის შესაბამისად. აივ ინფექცია/შიდსის განაცხადის წარდგენა დაგეგმილია 2015 წლის აპრილის თვეში, ხოლო ტუბერკულოზის განაცხადის წარდგენა მოხდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში.

2016 წლიდან ქვეყნის განვითარების მაჩვენებლების გათვალისწინებით, გლობალური ფონდი გეგმავს ეტაპობრივად შეამციროს დაფინანსება საქართველოსთვის, ისევე როგორც დამსგავსი ეკონომიკური მიღწევების მქონე სხვა ქვეყნებისთვის რეგიონში, რის ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოყოფილი დაფინანსების მნიშვნელოვანი ეტაპობრივი ზრდა, რათა შენარჩეუნებული/გაფართოებული იქნას პრევეცნიის, მკურნალობისა და მოვლის არსებული ეფექტიანი პროგრამები. 

ჩვენი პარტნიორები